logo
ENG



"ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ჩემი შვილი იხსნან ციხიდან" - ქართველი მებრძოლის დედა

21 თებ 202412:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/21/iuiiol9irhtsds7.jpg

22 წლის ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას დედა დალი ჩხაიძე ამბობს, რომ შვილის სამუდამო პატიმრობის შესახებ ინფორმაცია Telegram არხებიდან გაიგო და ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან მას არავინ დაუკავშირდა.

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ 22 წლის ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას სამუდამოდ დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მამუკა გაწერელია უკრაინაში იბრძოდა და რუსეთის ტყვეობაში იყო ჩავარდნილი.

ფორმულასთან საუბრისას მამუკა გაწერელიას დედა ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ მაშინ მიმართა, როდესაც მისი შვილი რუსეთში ტყვედ ჩავარდა. მისი თქმით, სამინისტროში მაშინ უთხრეს, რომ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობდა და დეტალებს შეატყობინებდნენ - ის ამბობს, რომ სამინისტროდან 4 დღის წინ მიიღო პასუხი და უთხრეს, რომ "საქმე განხილვაშია, გადაცემულია და დაგიკავშირდებითო".

 ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აპირებენ მოქმედებას, მამუკა გაწერელიას დედამ უპასუხა, რომ "ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ იხსნას მამუკა ციხიდან".

"მამუკა ამ ბრძოლაში იყო, საქართველოს იცავდა და ყველაფერი უნდა გააკეთოს ორივე ხელისუფლებამ - საქართველომაც და უკრაინამაც", - თქვა მამუკა გაწერელიას დედამ.

დედა იხსენებს, როგორ გაემგზავრა მისი შვილი უკრაინაში, როგორ მოხვდა მარიუპოლში და ჩავარდა რუსების ტყვეობაში. მისი თქმით, ჰქონდა შესაძლებლობა შვილთან გასაუბრების სასამართლო სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე და ესმოდა, როგორ უთითებდნენ რუსები მამუკა გაწერელიას, თუ რა უნდა ეთქვა დედისთვის.

"თვითმფრინავით გადაფრინდა იქ, მარიუპოლში მოხვდა. იქიდან ერთხელ დამირეკა, აქ ერთი ამბავიაო მითხრა და დედა, თუ რამე, მაპატიეო. მხნედ იყავი მეთქი ვუთხარი, ძლიერი ბიჭი ხარ და არ შეშინდე მეთქი, მაგრამ არ ეშინოდა, არ არის მშიშარა ბავშვი. მერე 18-ში უბრძანეს, რომ ტყვედ ჩაბარებულიყვნენ და ჩაბარდნენ. ტყვედ როცა ჩაბარდა, 27 სექტემბერს დამირეკა და მერე უკვე აღარ.

ციხიდან დამირეკა, მითხრა, ხვალ სასამართლო მაქვს და არ ინერვიულოთ, კარგად მექცევიანო, იქიდან ჰკარნახობდნენ [რა უნდა ეთქვა]. მითხრა, რომ ქართველებზე ყველაფერი იციან. [...] გუშინ გავიგეთ, რომ სამუდამო მიუსაჯეს. [საგარეოს] 2 თვის უკან მივმართეთ, განცხადება შევიტანეთ, დავურეკეთ და ერთი ოთხი დღის წინ დაგვიკავშირდნენ, გვითხრეს, რომ განხილვაშია [საქმე], გადაცემულია და დაგიკავშირდებითო", - ამბობს მამუკა გაწერელიას დედა.

***

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ 22 წლის ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას სამუდამოდ დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მამუკა გაწერელია უკრაინაში იბრძოდა და რუსეთის ტყვეობაში იყო ჩავარდნილი.

ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 22 წლის მამუკა გაწერელიასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა. 

ე.წ. სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მამუკა გაწერელიას ბრალად ედება "მარიუპოლში, რუსეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურისთვის ცეცხლის გახსნა, რომელთაგანაც 3 გარდაიცვალა".

მამუკა გაწერელია მარიუპოლის მცველებს შორის იყო და აზოვსტალი ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებია. ის ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა რუსეთის ალყაში მოქცეულმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, აზოვსტალი დატოვეს.

მამუკა გაწერელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა. ის უკრაინაში 2022 წლიდან გაემგზავრა.


close დახურვა